წინასწარმეტყველები ყოველთვის ინახავდნენ გენეალოგიებს.
და იყო ასე, რომ მამაჩემმა, ლეხიმ, სპილენძის ფირფიტებზე ასევე იპოვა თავისი მამების გვარტომობის აღწერა; და ამიტომაც მან გაიგო, რომ იყო იოსების შთამომავალი, დიახ, იმ იოსების, რომელიც იყო იაკობის შვილი, რომელიც გაყიდეს ეგვიპტეში და რომელიც გადარჩა უფლის ხელით, რათა მას გადაერჩინა მამამისი, იაკობი; და მთელი მისი ოჯახი, შიმშილით დაღუპვისაგან.
ლეხი სპილენძის ფირფიტებში თავის გენეალოგიას აღმოაჩენს და იგებს, რომ ეგვიპტელი იოსების შთამომავალია.
აჰა, ჩემო შვილებო, მსურს გახსოვდეთ, რომ უნდა დაიცვათ ღმერთის მცნებები; და მსურს, რომ ეს სიტყვები ხალხს აუწყოთ. აჰა, მე გიბოძეთ ჩვენი პირველი მშობლების სახელები, რომლებიც იერუსალიმის მიწიდან წამოვიდნენ; და მე ასე მოვიქეცი, რომ თქვენი სახელების გახსენებით, გაიხსენოთ ისინიც და მათი საქმენიც გაიხსენოთ; და მათი საქმეების გახსენებით ასევე გაიხსენოთ, რაც ითქვა და დაიწერა, რომ ისინი კეთილი იყო.
ჰელამანმა თავის ვაჟებს მართალი წინაპრების სახელები დაარქვა, რათა ამ სახელების გახსენებას მათთვის წინაპრების სიკეთე შეეხსენებინა.
ახლა, ეს წინასწარმეტყველება თქვა ადამმა, როდესაც იმყოფებოდა სულიწმინდის გავლენის ქვეშ და ინახებოდა გვარტომობა ღვთის შვილებისა. და ეს იყო წიგნი ადამის შთამომავლობისა, რომელშიც ნათქვამია: იმ დღეს, როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;
ადამის დღეებიდან ღვთის შვილების გენეალოგია ინახებოდა — პირველი ჩაწერილი საოჯახო ჩანაწერი.
მაგრამ, ჩანაწერები მამების, პატრიარქებისაც კი, რაც ეხება მღვდლობის უფლებას, უფალმა, ჩემმა ღმერთმა, შეინარჩუნა ჩემს ხელში; ამიტომ, ცოდნა შექმნის დასაბამისა და ასევე პლანეტების და ვარსკვლავების შესახებ, როგორც ეს გაენდოთ მამებს, მე შევინახე დღევანდელ დღემდე; და შევეცდები, ყოველივე ამისგან ზოგი რამ ჩავწერო ამ ჩანაწერში ჩემი შთამომავლობისთვის სასარგებლოდ, რომელიც ჩემ შემდეგ მოვა.
აბრაამმა შეინახა თავისი მამების ჩანაწერები და წერდა თავისი შთამომავლობის სასიკეთოდ.
მე შემეძლო ეს უფრო ნათლად გადამეთარგმნა, მაგრამ როგორც არის, უკვე საკმარისად ნათელია ჩემი მიზნისთვის. საკმარისია, ვიცოდეთ ამ შემთხვევაში, რომ დედამიწა შეიმუსრება წყევლით, თუ არ იქნება რაიმე დამაკავშირებელი რგოლი მამებსა და შვილებს შორის ამა თუ იმ საკითხზე – და აჰა, რა საკითხია ეს? ეს არის გარდაცვლილთა ნათლობის საკითხი. ვინაიდან, ჩვენ მათ გარეშე ვერ გავხდებით სრულყოფილნი, ვერც ისინი გახდებიან სრულყოფილნი ჩვენ გარეშე, ვერც ისინი და ვერც ჩვენ ვერ გავხდებით სრულყოფილნი მათ გარეშე, რომლებიც გარდაიცვალნენ სახარებაში, ვინაიდან ეს აუცილებელია ჟამთა სისრულის წყობის გასახსნელად, წყობის, რომელიც ახლა იხსნება, რათა მოხდეს სავსე, მთელი და სრულყოფილი დაკავშირება და გაერთიანება წყობებისა და გასაღებების, ძალებისა და ბრწყინვალებების და გამოცხადდეს ადამის ჟამიდან დღევანდელ დღემდე. და არა მარტო ეს, ასევე ის, რაც არასდროს ყოფილა გამოცხადებული ამაქვეყნის დასაბამიდან, რაც დაფარული იყო ბრძენთა და გონიერთაგან, გამოეცხადებათ ბავშვებსა და ახალშობილებს ამ ჟამთა სისრულის წყობაში.
საქმე გარდაცვლილთათვის არის „დამაკავშირებელი რგოლი“, რომელიც თაობებს ერთ სრულყოფილ კავშირად აერთიანებს.
ძმებო, ნუთუ არ გავაგრძელებთ სვლას ასეთი დიადი მიზნით? იარეთ წინ და არა უკან. მამაცად, ძმებო; და პირდაპირ გამარჯვებისკენ! და გაიხაროს თქვენმა გულმა და იყოს ძალზედ გახარებული. დაე, ამღერდეს მიწა, დაე, გარდაცვლილებმა უმღერონ მარადიული მადლიერების ჰიმნი მეფე ემანუელს, რომელმაც ამაქვეყნის შექმნამდე დააწესა ის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვისყიდოთ ისინი მათი ციხიდან, ვინაიდან დატყვევებულნი განთავისუფლდებიან.
ჯოზეფ სმითის სიხარულით სავსე მოწოდება, წინ წავიდეთ გარდაცვლილთა გამოსყიდვაში, რადგან ტყვეები თავისუფლდებიან.
აჰა, ახლოსაა უფლის დიადი დღე; და ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს, ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა ტუტესავით; და დაჯდება ვერცხლის გამომდნობელივით და გამწმენდივით; და განწმენდს ლევიანთა შვილებს და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი. ამიტომ, მოდით, როგორც ეკლესიამ და ხალხმა და უკანასკნელ დღეთა წმინდანებმა, სიმართლით მივუძღვნათ უფალს შესაწირავი; დაე, წარვადგინოთ მის წმინდა ტაძარში, როდესაც ის აშენდება, წიგნი ჩვენს გარდაცვლილთა ჩანაწერებით, რომელიც იქნება ყველანაირად ღირსეულად მისაღები.
წმინდანები მოწვეულნი არიან, ტაძარში წარადგინონ ღირსეული წიგნი, რომელიც მათი გარდაცვლილების ჩანაწერებს შეიცავს.